Mittwoch, 20. Januar 2010

შოთა ნიშნიანიძე


ხვალე

ვახტანგ ჯავახაძეს

რა დიდებული სიტყვა არსებობს
ეს დალოცვილი "ხვალე".
– დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო,
ხვალეც მალეა, მალე!

ხვალიდან ვდგები დილა ადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.

ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს,
წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.

– ხვალ ბილეთები გეშოვა იქნებ,
ხვალ ანონსია "ღალატის"!
– ხვალ ფეხბურთია!.. ხვალ ნაღდად ვიგებთ,
ბიჭო, რა გაძლებს ხვალამდის!

იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი!
ხვალე ვისესხებ... ხვალე გიყიდი...
კარგი... დაწყნარდი, კარგი!


ეხლა თუ არა ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე,
სახელოვანი ხვალ შევიქმნები,
ხვალე, ხვალე და ხვალე!


შენც, ჩემო თავო, რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს,
ეს ხვალე მუდამ, მუდამ იქნება,
მიდი თვალე და თვალე!




Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen